საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა და საქართველოს მფრინავი დისკის ფედერაციის თანადგომით, ვარკეთილის მესამე მასივში, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით ,,სახალისო თამაშები - ფრისბი ყველასათვის“ აღინიშნა.
,,დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა და სპორტული ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეებმა 10 სკოლიდან მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები რაიონსა და ზოგადად დედაქალაქში სულ უფრო აქტუალურია, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ღონისძიებას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრო. მისი თქმით, აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების უალტერნატივობას ხაზს უსვამს.
,,ახალგაზრდებს ვესაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც მათ შორის სამგორის ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავახმოვანეთ აზრი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და ამასთანავე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღვნიშნეთ, რომ პირველ რიგში ბავშვებმა უარი უნდა თქვან თამბაქოზე“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამგორის რაიონში 7 საჯარო და 3 კერძო სკოლა ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და მფრინავი დისკის თამაშში შეეჯიბრნენ.