თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, „ბასკონისა“ და „ალავესის“ კლუბების გენერალურ დირექტორს შეხვდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა და ხესუს ბასკესმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სპორტის განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ხესუს ბასკესს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრას თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ალუდა გოგლიჩიძე და დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე ესწრებოდნენ.
ხესუს ბასკესმა მასპინძლებს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმები გააცნო.
- „ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციასთან, შესაბამისად, არაერთ ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვს შევხვდით. ეს კლუბი ევროპაში საკმაოდ ძლიერია. ვიცით რა ქართველი ბავშვების უდიდესი სიყვარული კალათბურთის მიმართ, ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზიარებთ და მიზნის მიღწევაში ვეხმარებით’’, - განაცხადა ხესუს ბასკესმა და მომავალში საკალთბურთო სკოლასთან ერთად ფეხბურთის განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ალუდა გოგლიჩიძემ, დაწვრილებით ისაუბრა ქალაქ ვიტორიაში მოგზაურობის შესახებ და აღნიშნა: - „ვიტორიაში მოსახლეობის 51% სპორტული ცხოვრებითაა დაკავებული, შესაბამისად, სპორტი ვიტორიაში გადაიქცა განათლებისა და მოსახლეობასთან ურთიერთობის წყაროდ“.
„დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე, როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სიამოვნებით გავიზიარებ იმ გამოცდილებას, რასაც სპორტის განვითარების მიმართულებით გვთავაზობთ’’, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ხესუს ბასკესმა დეპუტატები საპასუხო ვიზიტით ვიტორიაში მიიწვია.