დღეს არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
როგორც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა და საკრებულოს წევრმა ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, ქართველი სპორტსმენების ტურნირში მონაწილეობა გამორჩეულად წარმატებულია.
,,თბილისი არჩილ ჩოხელის რიგით მე-5 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. როგორც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ქალაქის მერიას, ისე სპორტის სამინისტროს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე, მსგავსი მაღალი დონის ტურნირის ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა“ - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ კი აღნიშნა, რომ მსგავსი ტურნირების არსებობა ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და პროფესიული სპორტის განვითარებას.
,,სამინისტროს, მერიის და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არჩილ ჩოხელის სახელობის სამბოს ყოველწლიური ტურნირის ფინალურ ეტაპს დავესწარით. დამსახურებული ქართველი სპორტსმენის სახელობის ტურნირში მონაწილეობას 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. დავაჯილდოეთ პრიზიორები და სამბოს ეროვნულ ფედერაციას მადლობა გადავუხადეთ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“ - განაცხადა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის ტურნირში, რომელიც 8 სექტემბერს დასრულდება, მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთის, საბერძნეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები იღებენ.
საერთაშორისო ტურნირი 2014 წლიდან ტარდება, 2016 წლიდან კი სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარშია შეტანილი.