ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეს კნაპე დღეს თბილისში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობას, ევროპულ ტრადიციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას შეეხო. უცხოელმა სტუმრებმა ქართველ სტუდენტებს ამ მიმართულებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო რუხაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ინტერესის გაღვივებაა. ნინო რუხაძის თქმით, მსგავსი შეხვედრების ორგანიზება და ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების შეკითხვებს, როგორც უცხოელმა სტუმრებმა, ასევე ათეას წარმომადგენლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმაც უპასუხეს.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე ესწრებოდნენ.