საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის "სტუდენტური დღეები 2019" პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აუდიტორიას სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო.
,,ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტი თბილისის მერიასთან, დედაქალაქის მერსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ვემსახურებით ყველა იმ პირობის შექმნას, რაც ახალგაზრდების წარმატებული განვითარებისთვის არის საჭირო. ამის ერთ-ერთი მაგალითი ის მასშტაბური მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრებიცაა, რომლებიც თბილისში ახალგაზრდობას ინოვაციების შექმნის საშუალებასთან ერთად, მეტ მოტივაციასაც გაუჩენს,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებების არსებობა და მათი მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. მისი თქმით, თბილისის საკრებულო მუდამ მზადაა, მსგავსი ნაყოფიერი პროექტების გვერდით იდგეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, დღეს მასშტაბური სტუდენტური პროექტის: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური დღეები 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ პრეზენტაცია და გახსნის კონცერტი გაიმართა.
„სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019"-ის ფარგლებში 100-ზე მეტი ღონისძიება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით ჩატარდება.