თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, თბილისის რაიონული გამგეობების და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო ვარდოსანიძემ ყურადღება გაამახვილა 2023 წლის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის აქტივობებზე, ასევე მის მონაწილეობაზე საკრებულოს სხდომებში, გარემოს დაცვის კომისიაში, გენდერული თანასწორობის საბჭოში.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მუდმივად ახორციელებს თბილისის ურბანულ გარემოში საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის გატარებას სამშობლოს დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროს ღვაწლმოსილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების სახელების სათანადო უკვდავყოფის გზით.
ნინო ვარდოსანიძის თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის 11 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც 168 საკითხი იქნა განხილული. 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში თბილისის საკრებულოს მიერ სახელდების თაობაზე 76 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-განკარგულება იქნა გამოცემული, რაც საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებების 11 პროცენტია.
ნინო ვარდოსანიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ, ვისი სახელობის გეოგრაფიული ობიექტებიც თბილისს 2023 წელს შეემატა. წლის განმავლობაში თბილისში გაჩნდა გურამ დოჩანაშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, რეზო გაბრიაძის, გომარ სიხარულიძის, გიგა ბათიაშვილის, ჯემალ ჭკუასელის, გურამ საღარაძის, ანზორ მელივას, ზურაბ სოტკილავას, ზაზა ურუშაძის, გიზო ჟორდანიას, ქეთევან ლოსაბერიძის, ჯემალ ცერცვაძის, თამაზ გამყრელიძის და სხვათა სახელობის ობიექტები.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საქმიანობის განხორციელების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორობას ისეთ უწყებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ შემხებლობაში არიან კომისიის უფლებამოსილების ჩარჩოსთან.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია 2024 წელსაც გააგრძელებს ყველა იმ მიმართულებით მუშაობას, რომლებიც ანგარიშშია აღნიშნული.
ნინო ვარდოსანიძემ წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული პროგრამებიდან ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმაზე როგორც ტაქსების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით; ჯანდაცვის პროგრამებზე: ენდოპროთეზირების, ღვიძლის ტრანსპლანტაციის, გაფანტული სკლეროზის თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსების მნიშვნელობაზე; ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე; გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებზე. მან ისაუბრა აგრეთვე მისი, როგორც გარემოს დაცვის კომისიის წევრის, როლზე ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის მხარდაჭერაში, როგორიც არის მიუსაფარი ცხოველების საკითხი. ნინო ვარდოსანიძის თქმით, ის აქტიურად მონაწილეობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკრებულოში არსებული საბჭოს ყოველდღიურ მუშაობაში და გამოყო სკრინინგის, ოჯახში ძალადობის, ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის თემები. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გენდერული თანასწორობის თემატიკაზე საუბრისას დამსწრე საზოგადოებას გააცნო სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელების კონკრეტული შედეგები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელი მიხეილ მირზიაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის უფროსი ნინო ბახია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი გოჩა ფერაძე.