05 ივნისი 2020
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიამ საკითხი ძირეულად შეისწავლა. ისტორიული წყაროების მიხედვით, დღევანდელი ჩიქოვანის ქუჩის მიდამოები ხილიანის უბნის სახელით მოიხსენიებოდა. მისივე თქმით, ეს ტერიტორია, ურბანულ განაშენიანებამდე დაფარული ყოფილა ხეხილის ბაღებით, საიდანაც უბანმა ხსენებული სახელი შეიძინა.
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე უსახელო სკვერს აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ძმები წიკლაურების სახელი მიენიჭება, აფხაზეთში დაღუპული მიხეილ ოძელაშვილის სახელი, წყნეთში მდებარე უსახელო სკვერს დაერქმევა, ხოლო სამგორის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელი ეწოდება.
კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე რამდენიმე უსახელი ქუჩას და სკვერს, ცნობილი მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების და ხელოვანების სახელები მიენიჭება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.