თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვაში საკითხებით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. კომისიის სხდომა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ გახსნა. ის დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ნაძალადევის რაიონში, რკინიგზის ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ავთანდილ იოსელიანის სახელის მინიჭების, ასევე ისნის რაიონში ერთ-ერთი ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის სახელის მინიჭების საკითხებს. ისნის რაიონშივე, ერთ-ერთ ქუჩას საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭება.
კომისიის წევრების და განხილვაში მონაწილე პირების თანხმობით, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას დრამატურგის გია ბადრიძის სახელი დაერქმევა. ჩუღურეთის რაიონშივე არსებულ უსახელო ქუჩას და რამდენიმე ქუჩის მონაკვეთს მწერალ ზაირა არსენიშვილის სახელი მიენიჭება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს ისნის რაიონში სომხურ დრამატულ თეატრთან არსებული სკვერისთვის მწერლისა და დრამატურგის გაბრიელ სუნდუკიანის სახელის მინიჭების, ასევე ჩუღურეთის რაიონში გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოსის თამაზ გამყრელიძის სახელის მინიჭების საკითხებს. ისნის რაიონშივე, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ მაია თომაძის სახელი მიენიჭება.
მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ნასახლარის ქუჩას პოლიტიკოსის და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, პავლე საყვარელიძის სახელი მიენიჭება.
კრწანისის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელი მიენიჭება. ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩას ხელოვნებათმცოდნის გურამ აბრამიშვილის სახელი, იმავე ისნის რაიონში უსახელო ქუჩას სპორტსმენის დავით ციმაკურიძის სახელი დაერქმევა.
საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელი მიენიჭება. ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელი ეწოდება.
გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ სამ ჩიხს მსახიობის ნინო დავითაშვილი სახელი, ასევე გლდანის რაიონში თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის ლევან კბილაშვილის სახელი მიენიჭება.
კომისიის სხდომაზე განიხილეს მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხებს. კერძოდ, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელი, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთს ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის სახელი, ასევე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთს აკადემიკოსის ნანა ხაზარაძის სახელი მიენიჭება. ჩუღურეთის რაიონშივე, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ შესახვევებს აკადემიკოსის გივი ცინცაძის სახელი დაერქმევა.
ნაძალადევის რაიონში, სპორტსმენის გიორგი სხირტლაძის სახელობის ქუჩა იქნება. იმავე რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რეჟისორის ზაზა ურუშაძის სახელი მიენიჭება.
დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირთან არსებულ უსახელო სკვერს რეჟისორის გიზო ჟორდანიას სახელი,იმავე რაიონში ტრანსპორტის ქუჩას პოეტის, ფილოლოგის ანზორ აბულაშვილის სახელი მიენიჭება.
კომისიის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შმაგი ხაიკაშვილის სახელი მიენიჭება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023