თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საჯარო განხილვა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე ქუჩის, სკვერისა და ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ნოდარ მათიაშვილის, ზურაბ და მამუკა ბეროძეების და ემზარ გელანტიას სახელების მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
კომისიაზე განიხილეს ასევე საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგ მერაბ ალექსიძის ქუჩის სახელის მინიჭების, ნაძალადევის რაიონში კი, რამდენიმე შესახვევისა და ჩიხისთვის აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების საკითხები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევისთვის ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის რევაზ ჭოხონელიძის სახელის მინიჭებას, ასევე ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის, საქართველოს სახალხო არტისტის, მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების საკითხს.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ზაჰესის დასახლებაში ავჭალის ქუჩას გრიგოლ ხანძთელის სახელი მიენიჭება, ჩუღურეთის რაიონში ვაგზლის მოედანს კი სადგურის მოედნის სახელი ეწოდება.