თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. სხდომაზე თბილისის 2024 წლის პროექტი განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარადგინა რეკომენდაცია სამისამართო აბრების დამონტაჟების თანხების გაზრდის შესახებ.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს. ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელი მიენიჭება. სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელი ეწოდება. იმავე სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა აბზიანიძის სახელი მიენიჭება, ხოლო ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო სკვერს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელი ეწოდება.
გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელებას, მასთან მდებარე ორ უსახელო ქუჩას და ოთხ შესახვევს მაგნოლიის და აკაციის სახელები მიენიჭება. სხდომაზე განიხილეს ასევე კრწანისში, საბატონოს ქუჩის, ჩიხების ნუმერაციის ცვლილების საკითხი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მხარი დაუჭირა ასევე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხებს.