თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მსახიობების, რეჟისორების, მეცნიერებისა და სპორტსმენების ქუჩების სახელდების საკითხებზე იმსჯელეს.
ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და ჩიხს ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭება. იმავე რაიონში, რამდენიმე ქუჩის და ჩიხის მონაკვეთებს მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელი დაერქმევა. ჩუღურეთშივე ნორიოს აღმართს, მასთან არსებულ ჩიხს და შესახვევს საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის სახელი, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩას ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელი მიენიჭება. ამასთან, ისნის რაიონში, პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრთან არსებულ სკვერს მწერლისა და დრამატურგის გაბრიელ სუნდუკიანის სახელი დაერქმევა.
გლდანის რაიონში აკაკი ვასაძის ქუჩას რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი, ხოლო სამგორის რაიონში, წნორისწყლის ქუჩას მსახიობის აკაკი ვასაძის სახელი მიენიჭება.
დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო სკვერს რეჟისორის გიზო ჟორდანიას სახელი, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას კი რეჟისორის ზაზა ურუშაძის სახელი დაერქმევა. ნაძალადევის რაიონშივე მდებარე რკინიგზის ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირის ავთანდილ იოსელიანის სახელი მიენიჭება.
კომისიის წევრებმა რამდენიმე ქუჩის გაგრძელების შესახებაც იმსჯელეს და დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023