24 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
თბილისის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 305 მილიონ 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 255 მილიონ 115,7 ათასი ლარით მეტია, ხოლო 2022 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 105 მილიონ 501,2 ათასი ლარით.
დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2022 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების მოთხოვნებს მაქსიმალურად პასუხობს. კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.