თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცნობილი ილუზიონისტის, ზურაბ ვადაჭკორიას, სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ქუჩის გახსნას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, ზურაბ ვადაჭკორიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნინო ვარდოსანიძის, განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ცნობილი ილუზიონისტის, ზურაბ ვადაჭკორიას, სახელობის ქუჩა სწორედ იმ უბანში გაიხსნა, რომელშიც ის ცხოვრობდა.
„საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ქუჩა გავხსენით. ამ ქუჩის გახსნა დღევანდელ დღეს სიმბოლურ დატვირთვას იძენს, რადგან მისი დაბადების დღეა, თანაც ეს ქუჩა იმ რაიონშია, სადაც ის ცხოვრობდა. ზურაბ ვადაჭკორია ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი იყო თავის საქმიანობაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, პარლამენტის წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და მისმა მეგობრებმა ზურაბ ვადაჭკორიას შემოქმედებითი ცხოვრება გაიხსენეს.
ცნობილი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია 1961 წლის 24 თებერვალს დაიბადა. მან საქართველოში საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი დაამთავრა და მალევე დაეუფლა სასცენო ხელოვნებას. ილუზიონისტი 2018 წლის მარტში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.