20 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძე თბილისში მდებარე ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის თემურ წიკლაურის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მომღერლის ოჯახის წევრებს შეხვდა.
დღესვე ანსამბლის „ქართული ხმები“ სოლისტთან ზურაბ ლოლაძესთან ერთად ერთ-ერთი სკვერისთვის მომღერლის ზაურ ბოლქვაძის სახელის დარქმევის თაობაზე იმსჯელეს.
ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ადგილზე მოხდება რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტის დათვალიერება და შემდგომ სახელდების თაობაზე არსებული ინიციატივების განხილვის პროცედურები დაიწყება.
„დღეს ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლების, თემურ წიკლაურისა და ზაურ ბოლქვაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შევხვდით. ვისაუბრეთ მათი ღვაწლის შესახებ. ყველა ვთანხმდებით, რომ თბილისს ნამდვილად დაამშვენებს თემურ წიკლაურისა და ზაურ ბოლქვაძის სახელობის გეოგრაფიული ობიექტები. უახლოეს დღეებში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ადგილზე შევისწავლით და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დაიწყებს საკითხების განხილვას. დარწმუნებული ვარ, პროცედურების დასრულების შემდეგ ერთად გავხსნით ამ ორი დიდი მომღერლის სახელობის სივრცეებს ჩვენს დედაქალაქში.“ - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.