21 ივლისი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის რამდენიმე ქუჩას ქართველი სპორტსმენების სახელები დაერქმევა. ვარკეთილის მეურნეობაში, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის ქუჩებს და ხუთ შესახვევს სპორტსმენის, მოჭიდავის ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება. ვარკეთილის მეურნეობაში მდებარე უსახელო ქუჩებს მოჭიდავე ავთანდილ ქორიძის, მოჭიდავე, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანის, მოფარიკავე ნუგზარ ასათიანის, მძლეოსან რობერტ შავლაყაძის, მოჭიდავე მირიან ცალქალამანიძის, მოფარიკავე ვლადიმერ აფციაურის და მოჭიდავე რომან ძნელაძის სახელები მიენიჭება.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობის, ალეკო თეთრაშვილის სახელის, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის გელა ოჩიაურის სახელის, გლდანის რაიონშივე, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლომისის სახელის და გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი უსახელო ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში გარდაცვლილი მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების საკითხებს.