თბილისის მერიაში დედაქალაქის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს - დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა მარიკა დარჩიამ მიიღეს.
შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კონკურსის ჩატარების პირობებსა და ვადებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქს შესაბამისი გერბი და დროშა ექნება, თბილისის დღევანდელი სიმბოლიკა გარკვეული ფორმით ფუნქციონირებას მაინც გააგრძელებს.
კონკურსი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. მუშაობა ამ მიმართულებით ჰერალდიკის კანონების სრული დაცვით წარიმართება.
შეხვედრას გერბისა და დროშის შესარჩევი კომისიის სხვა წევრები - „ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის“ საბჭოს წევრები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჰერალდიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები ესწრებოდნენ.