თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი კომისიების წევრებს მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა წარუდგინა და ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გაერთიანებულ სხდომაზე, ზოოლოგიური პარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობაზე ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე, კერძოდ,
ზოოპარკის ტერიტორიისა და ვოლიერების მოწყობაზე ისაუბრა.
განაშენიანების რეგულირების გეგმაში ზონალური ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების განყოფილების უფროსმა ნინო გვენცაძემ წარუდგინა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.