26 ნოემბერი 2025 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე კომისიის წევრებთან ერთად, ასევე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე კომისიის წევრებთან ერთად თბილისის ახალ ზოოლოგიურ პარკს ეწვივნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზოოლოგიური პარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ კომისიების წარმომადგენლებს პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი გააცნო.
შეხვედრაზე, პროექტის ფარგლებში, განიხილეს ახალი ზოოპარკისთვის გათვალისწინებული ვიზიტორთა მისასვლელების დამისამართების კუთხით ჩასატარებელი სამუშაოები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ლევან აბაშიძის, განცხადებით, კომისია ზოოლოგიური პარკის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განიხილავს თბილისის ზღვასთან არსებული ახალი ზოოპარკის დამისამართების საკითხს.
„დღეის მდგომარეობით ახალ ზოოპარკს არა აქვს მისამართი. ზურაბ გურიელიძემ დეტალურად აგვიხსნა, თუ რა პრობლემებს აწყდება ზოოპარკი მისამართის არქონის გამო. ადგილზე აღვწერეთ გზის ის მონაკვეთები, რომლებიც ქუჩებად უნდა ჩამოყალიბდეს. უახლოეს პერიოდში ზოოპარკის ადმინისტრაციის ჩართულობით შევარჩევთ ხსენებული ქუჩების სახელებს და განვახორციელებთ სახელდებას, რასაც ნუმერაცია და აბრების განთავსება მოჰყვება", - განაცხადა ლევან აბაშიძე.
დღესვე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, კომისიის წევრებთან ერთად ახალი ზოოლოგიური პარკი დაათვალიერა და მისი ტერიტორიის გამწვანების საკითხები განიხილა. მისი თქმით, 2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ცხოველთა მონიტორინგის მიმართულებების გაძლიერება წარმოადგენს.