სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საერთაშორისო კონკურსი „არქიტექტურული პრემია - 2023“-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა" და ჟურნალი „STYLE“-ის ეგიდით მოეწყო. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კონკურსის ჟიურის წევრი, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კონკურსი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის დიზაინის სფეროს და სტუდენტურ არქიტექტურულ პროექტებს მოიცავდა. მისი თქმით, აღნიშნული კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის.
ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალზე კონკურსის ჟიურის წევრმა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, აღნიშნა, რომ მსგავს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა თითოეული მონაწილისთვის პირველი ნაბიჯებია შემოქმედებითი აღმავლობის და თვითრეალიზაციის გზაზე.
კონკურსში მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა (უკრაინა, აზერბაიჯანი, ინდოეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი, იტალია) არქიტექტორებმა და დიზაინერებმა მიიღეს. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნა, მიმდინარე წელს 180-მდე არქიტექტურული ქალაქგეგმარებითი და დიზაინერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კონკურსის ნომინაციაში გამარჯვებულებს „არქიტექტურული პრემია 2023“-ის ლაურეატის დიპლომები და პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურები - გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კონკურსი ჟურნალ „სტილის“ ორგანიზებით პირველად 2006 წელს ჩატარდა. მას შემდეგ დაჯილდოება ტრადიციულად ყოველ წელს იმართება არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის. საერთაშორისო კონკურსში „არქიტექტურული პრემია“ მკაფიოდ აისახება არქიტექტურაში მომხდარი ყველა უახლესი აქტუალური მოვლენა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს და მის წარმატებას განაპირობებს.