დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის - შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო სექტორის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას კომისიის წევრებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილი მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიესალმა და განაცხადა, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო აქტიურად მუშაობს, რათა აღნიშნული საკითხის ირგვლივ დაგროვილი პრობლემები დროულად და ეფექტურად აღმოიფხვრას.
ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „Mayhew International“-ისა და უსახლკარო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს “ცხოველთა დაცვისა და მათი პოპულაციების მართვის წესის“ შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინეს.
მათი შეფასებით, წესში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვანი და დადებითი ხასიათისაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონკრეტული შეკითხვები დასვეს, რომლებიც ძირითადად, ცხოველთა კონტროლის მექანიზმებსა და კლასიფიკაციას, შინაური ცხოველების მეპატრონეთა პასუხისმგებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.
კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნული წესის შემუშავების პროცესის, სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო უწყებების მიერ მიწოდებული წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მისი დამტკიცების შესახებ ისაუბრა და შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
მხარეებმა, ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიზნები დასახეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
„ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების საბოლოო ვერსია, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების, ვეტერინარული კლინიკებისა და კინოლოგიური ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რეკომენდაციების და შენიშვნების გათვალისწინებით შეიმუშავა.