დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირა“-ში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მერიის მიერ წარმოდგენილ, თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის ახალი წესის შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული წესი და მთლიანად ეს სფერო, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა.
„არსებობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემები აღმაშფოთებელია.
ვგულისხმობ ფაქტს, რომ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, წლიდან წლამდე იზრდება ცხოველისაგან დაკბენილი ადამიანების რაოდენობა.
უფრო მეტად დამაფიქრებელი კი ის გარემოებაა, რომ ზემოთ ნახსენები სტატისტიკის მიხედვით, ასეთი შემთხვევების ორი მესამედი პატრონიან ცხოველებზე მოდის.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, თბილისის მერიიდან წარმომადგენლობით ორგანოში, თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის ახალი წესის შესახებ პროექტი შემოვიდა განსახილველად.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროექტის ახალი ვერსია ევროსაბჭოს კონვენციას აბსოლუტურად შეესაბამება,სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ის მუხლები და საკითხები, რომლებიც საკრებულოს გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად შეიმუშავა.
აღნიშნულ პროექტში ასევე შესულია გარკვეული ცვლილებები საბჭოს ეგიდითაც ,რომელიც სპეციალურად ამ მიმართულების დასარეგულირებლად შეიქმნა. წარმომადგენლობით ორგანოში, ამა წლის 19 მარტს, ჩემი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები გაგვიზიარეს.
პროექტის მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გათვალისწინებით არის შემუშავებული, ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა და მასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრაა.
შესაბამისად, მაქსიმაულურად, კანონის ფარგლებში, ისე რომ დაცული იყოს როგორც ადამიანის, ასევე ცხოველთა უფლებები, გათვალისწინებული იქნება ყველა ის ობიექტური რეკომენდაცია, რომლებსაც საკრებულო, გარემოს დაცვის კომისია შესაბამის სამსახურებთან ერთად, დამატებითი მსჯელობის შედაგად მიჩნევს მართებულად. “-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.