დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი გააცნეს.
დეპუტატებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებსაც მოუსმინეს, რომლებმაც სხდომაზე ხუთი საკითხი წარმოადგინეს. კერძოდ, საკრებულოს წევრებმა სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვის-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა დეპუტატებს აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის, ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის და სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. კომისიის წევრებმა აღნიშნულ წესში ასახვის მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებს საკუთარი შენიშვნები გააცნეს.
დღესვე სხდომაზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც წარუდგინა.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად იქნება გატანილი.