დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის გახსნას დაესწრო.
შორენა ბუხრაშვილის განცხადებთ, დეპუტატის შუამდგლომლობის, ასევე თბილისის მერიისა და რაიონის გამგეობის ჩართულობითა და მხარდაჭერით, აღდგა განაპირა ბურჯები და ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყო ახალი სავალი ნაწილი, ასევე განხორციელდა ჰიდროსაიზოლაციო და ბეტონის დამცავი ფენის დასაგები სამუშაოები.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, განახლდა განათების ქსელი, შეიცვალა მოაჯირები და აშენდა ფრანგული კედელი.
ესტაკადაზე აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებით, რომლებიც გზაგამტარზე პროექტით იყო გათვალისწინებული, მოქალაქეებს აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისა და დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას მისცემს და დიღმის შესახვევთან მოძრაობის განმუხტვასაც შეუწყობს ხელს.
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, რის შემდეგაც მან ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები ლაშა აბაშიძე და გიორგი ლილუაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი ესწრებოდნენ.