დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრა ორ ნაწილად, პრეზენტაციისა და დამსწრე საზოგადოებასთან კითხვა-პასუხის რეჟიმის სახით წარიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“ თავმჯდომარე ავთანდილ დავითიძე, დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია, საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შორენა ბუხრაშვილმა მოწვეულ სტუმრებს ანგარიში ორი, კერძოდ, გარემოს დაცვის კომისიის და ასევე მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის მიმართულებით წარუდგინა.
მისი განცხადებით, გარემოს დაცვისა და სხვა კომისიებთან გაერთიანებული სხდომების ფორმატში სულ 52 სხდომა გაიმართა, რომელზეც მოქალაქეთა წერილები, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტები და კომისიის კომპეტენციის ფარგლებში განსახილველ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
შორენა ბუხრაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გარემოს დაცვის კომისიის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ გამწვანების მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და აღნიშნულს სარეკრეაციო ზონების საკითხი დაუკავშირა.
პრიორიტეტებიდან მან აგრეთვე დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგიის პროექტის დამტკიცების საკითხი გამოყო, რომლის შემუშავების პროცესში დეპუტატი საერთაშორისო ექსპერტ-სპეციალისტებთან, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული.
შორენა ბუხრაშვილმა მოწვეულ სტუმრებს დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები გააცნო, რომელთა თანახმადაც, 2014 წლის შემოდგომიდან-2015 წლის ზაფხულის ჩათვლით სეზონზე დარგული ხეების რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება 2009-2013 წლებში დარგული ხეების საერთო რაოდენობას.
შორენა ბუხრაშვილმა, სხვა პრიორიტეტებთან ერთად შინაურ და უპტარონო ცხოველებთან დაკავშირებულ მიმართულებას გაუსხვა ხაზი და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მომართვიანობის შედეგად გამოკვეთილი პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა „ქალაქ თბილისის მუნიციპლიტეტის ტერიტოიაზე ცხოველების(ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი“.
დეპუტატის განცხადებით, კომისიის თანამონაწილეობით შედგა ბიოლის ფონდის პრეზენტაცია თემაზე - „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების კუთხით დანიის გამოცდილების გაზიარების შესახებ“.
გარდა კომისიური საქმიანობისა, საკრებულოს წევრის თქმით, იგი მაჟორიტარულ საქმიანობას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
„ის მანდატი, რომელიც საბურთალოს რაიონის მოსახლეობამ ნდობის საფუძველზე მომანიჭა, მათი პრობლემების გაზიარების, მოგვარებისა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაციის ვალდებულებას მაკისრებს, რათა ამ ადამიანებმა იგრძნონ ჩემი გვერდში დგომა და მოხარული ვარ, რომ მათი ეს ნდობა გავამართლე.
მე სისტემატურად ვხვდები საბურთალოს რაიონის, კერძოდ, დიდი დიღმის, სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობას როგორც ბიუროში, ისე საკრებულოსა და რაიონში სხვადასხვა სახის მონიტორინგის ტიპის საქმიანობების განხორციელებისას.
ამ შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემებიდან, ხაზი მინდა გავუსვა სოციალური თემატიკის, მედიკამენტებითა და სხვა სამედიცინო მომსახურებით დახმარების, ასევე ინფრსტრუქტურულ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებს და აღვნიშნო, რომ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე განვიხილე და რეაგირება მოვახდინე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების განცხადებებსა და წერილებზე“-აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.
დეპუტატის ინიციატივთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს გაიმართა საქველმოქმედო აქცია დიდი დიღმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის, რომლებსაც „იმედის“ კლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ.
მისივე თქმით, განხორციელდა სკვერების, პარკების, ხეივნების რეაბილიტაცია და მშენებლობა. ასევე გზების კაპიტალური და ორმოული და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
შეხვედრის დასასრულს, შორენა ბუხრაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისი ამჟამინდელი აქტივობების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ დეპუტატი აქტიურად თანამშრომლობს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან და პერმანენტულად ეცნობა ანგარიშს როგორც განხორციელებული სამუშაოების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ.
შორენა ბუხრაშვილმა ასევე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრთან მის უწყევტ კომუნიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა მონიტორინგისა, იგი მონაწილეობას იღებს ცხოველთა დაცვის ეგიდით გამართულ სხვადასხვა აქციებში. ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ღონისძიებსა თუ საქველმოქმედო აქციებში.
შეხევდრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დეპუტატს ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი წინადადებები წარმოუდგინა და რაიონში არსებულ პრობლემატიკაზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩემი, როგორც თბილისის საკრებულოს წევრისა და მაჟორიტარი დეპუტატის პირდაპირი მოვალეობაა, მოვუსმინო ჩემს თანამოქალაქეებს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევისა და ორმხრივი კომუნიკაციის საფუძველზე ბევრად გონივრულ ვადებში მოვახერხებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომლის წინაშე ჯერ კიდევ ვდგავართ“-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.