დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, საქართველოს ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების წესის შესახებ პროექტზე იმსჯელეს.
როგორც შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტი, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გათვალისწინებით შემუშავდა და მისი მიზანია ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ასევე მასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა.
„თბილისის მერიის ცხოველთა დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ პროექტში, რომლის ახალი ვერსიაც ევროსაბჭოს კონვენციას აბსოლუტურად შეესაბამება, დეტალურადაა განსაზღვრული ის მუხლები და საკითხები, რომლებიც გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად შეიმუშავა“-აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში აღწერილია ცხოველების მახასიათებელ ტერმინთა ისეთი განმარტებები, რომლის მიხედვითაც ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს მიენიჭებათ შემდეგი სტატუსი: პატრონიანი, უმეთვალყურეო, მიკედლებული და უპატრონო.
პროექტი ასევე ითვალისწინებს პატრონის ვალდებულებებს, რომელიც მას ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ეკისრება.
სხდომაზე დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე ცხოველთა თავშესაფრის, უპატრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაციის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პროექტში საბჭოს ეგიდით შესატანი ცვლილებები გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თემურ ფხალაძე და მისი მოადგილე, ლერი ქვარაია პასუხობდნენ.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები პროექტის საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისწინებული, რომელზეც გარემოს დაცვის კომისია დამატებით იმსჯელებს. საბოლოო ვარიანტს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.