თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორთან თამაზ დარჩიძესთან და ზოოლოგიური პარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე თამაზ დარჩიძემ კომისიის თავმჯდომარეს ბაღის მდგომარეობის, სპეციფიკისა და სტრუქტურული მუშაობის მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამომავლო პროექტებზე საუბრისას, სტუმარმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობის პროექტს, რომლის განხორციელების შედეგად მოძველებული ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა ახლით შეიცვლება.
შეხვედრაზე, იმ ნუსხაზეც იმსჯელეს, რომლითაც დედაქალაქის ლანდშაფტისა და კლიმატისათვის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობებია განსაზღვრული. ასევე განიხილეს ისეთი სახეობების დამატების შესაძლებლობა, რომლებიც დედაქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ატმოსფეროს ჟანგბადით უფრო მეტად გაამდიდრებს.
დღესვე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს შეხვდა, რომლისგანაც ზოოპარკში არსებულ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მოისმინა.
ზურაბ გურიელიძემ გიორგი დოხტურიშვილს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
გიორგი დოხტურიშვილმა სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია მათთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.