19 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 62 150,0 ათასი ლარით იზრდება და 2 271 497,5 ათას ლარს შეადგენს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებებიც დაამტკიცეს.
ამას გარდა, საკრებულოს წევრებმა, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ საკრებულოს შესაბამის განკარგულებაშიც.
დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ აბაშიძემ შპს „ათორის“ და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ მშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „ნ.გ.ბ.“-ის გათავისუფლების საკითხი წარადგინა.