თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე შპს „ას ჯორჯიას“ მიმართ გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა. როგორც ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, კომპანიას 2011-2012 წლებში სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც დენდროლოგიური პარკი უნდა გაეშენებინა. ეს ვალდებულება კომპანიამ ვერ შეასრულა. აქედან გამომდინარე, ქონების მართვის სააგენტომ და შპს „ას ჯორჯიამ“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 15 ჰექტარის ნაცვლად, 7,5 ჰექტარზე განთავსდება ჩვეულებრივი პარკი, დანარჩენ ტერიტორიაზე კი კომპანია საცხოვრებელ სახლებს ააშენებს, საიდანაც ბინების 6,5% მუნიციპალიტეტს გადაეცემა. პარკი 3 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტს გადაეცემა. როგორც კომისიების სხდომაზე აღინიშნა, საერთო ჯამში 15 მილიონი ლარის ინვესტიციაზეა საუბარი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკითხზე საკრებულომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა იმსჯელოს და ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებია. ფრაქცია \"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან ამ საკითხის ამოღება მოითხოვა, თუმცა მის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისში, მარიჯანის ქუჩის მიმდებარედ და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერეტივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი განიხილეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, 183 ადგილიანი მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ პროექტი.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ პროექტი წარადგინა, რომელიც მისი განცხადებით, მიმართულია არსებული რესურსით ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების გაძლიერებაზე.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ინიცირებების საკითხი წარადგინა, მათ შორის „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ.
კომისიების წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭიეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.