თბილისის მუნიციპალიტეტს საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომა ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ გახსნა და დეპუტატებს დღის წესრიგით განსახილველი საკითხები წარმოუდგინა. კომისიის წევრებმა მსჯელობის შედეგად დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს წესდებაში ცვლილებების შეტანას. წარმოდგენილი პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად დაადგინოს სერვიტუტი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, ასევე დამოუკიდებლად გაატაროს უძრავი ნივთის საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები.
დეპუტატებმა ასევე დადებითად შეაფასეს ცვლილება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესშიც, რომლის თანახმად, სააგენტო თავად გადაწყვეტს საკითხს ხელშეკრულებაში უცვლელი პირობებით სარგებლობის უფლების მიმღები პირის ჩანაცვლების თაობაზე.
თბილისის მთავრობას თანხმობა მიეცა ,,თბილსერვის ჯგუფის’’ კაპიტალის გაზრდის თაობაზე, რაც მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების კაპიტალის გაზრდის გზით შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფისთვის’’ გადაცემას გულისხმობს.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს მიწის ნაკვეთების, ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელისა და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, უსასყიდლო, ვადიანი უზურფრუქტით, აღნაგობისა და იჯარის ფორმით გადაცემასაც.
შემდგომ ამისა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას გარემოს დაცვის კომისია შეუერთდა და სხდომა გაერთიანებულ ფორმატში გაგრძელდა.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას.
დღესვე დეპუტატებმა ზონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხიც განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის აქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა ზვიად ელიზბარაშვილმა წარმოუდგინა.
დეტალური მსჯელობის შედეგად, დეპუტატების გადაწვეტილებით დადებითი რეკომენდაცია მიეცა რამდენიმე ზონალურ ცვლილებას, რომელიც გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას შეეხებოდა.
რაც შეეხება ლანდშაფტურ-სარეკრიაციო ზონის გარკვეული ნაწილისთვის სტატუსის შეცვლას, დეპუტატებმა მათ ნაწილს მხარი არ დაუჭირეს, ხოლო ნაწილის განხილვა დამატებითი ინფორმაციის შესწავლის მიზნით გადაიდო.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წამომადგენლები დაესწრნენ.