დედაქალაქის საკრებულოში, ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ, თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებები შეათანხმეს. საკითხები კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს წარმოდგენილი პაკეტის დამტკიცების შედეგად, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ ყველა დაუსრულებელი ობიექტის მიმართ, სამშენებლო პროცესის დასრულებისთვის აუცილებელი ხელშემწყობი ღონისძიებები გატარდა. გარდა „ცენტრ პოინტ ჯგუფისა“, ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან მიმართებაშიც წარადგინა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გავა.