თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
სხდომაზე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული პირობების შეთანხმების შესახებ საკითხი განიხილეს.
კომისიების წევრებმა ასევე იმსჯელეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატან ცვლილებაზე. საკითხი დეპუტატებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
დღესვე, გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები განიხილეს, რომლებიც კომისიების წევრებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარუდგინა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიების წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს და მათ საკრებულოს სხდომაზე წარდგენას დაუჭირეს მხარი.