თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეები გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებებსა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ მიაწოდა.
აღნიშნული საკითხების საბოლოო განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიისა და არქიტექტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.