დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ერთბინიანი, მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები დეტალურად განიხილეს. არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვის, მოვლისა და აღდგენის წესში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი და უკეთ შესწავლის მიზნით კომისიის წინა სხდომაზე გადადებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა ასევე „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნული საკითხი დადებითად შეაფასეს.
როგორც სხდომაზე მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოძიებული რესურსის გათვალისწინებით, 6 ერთეული საშუალო ტევადობის ,,ბოგდანის“ ტიპის ავტობუსი გამოიყო, რომელიც ახალ მარშრუტებზე გადანაწილდა.
სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდნენ, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
აღნიშნული საკითხების საბოლოო განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.