დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა დეტალურად იმსჯელეს კრწანისის, ვაკის, ისნის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი უბნის განაშენიანების, მრავალფუნქციური კომპლექსის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტებზე, რომლებიც სხდომის მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რის შემდეგაც მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ წარმოდგენილ წერილებს გაეცნენ.
კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ის საკითხები წარუდგინა, რომლებიც თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით, გაცვლის უფლებითა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდნენ, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული საკითხების საბოლოო განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.