დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სს(ი)პ არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.
კომისიების წევრებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს, რის შემდეგაც სხდომა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის საკითხის განხილვით გაგრძელდა.
აღნიშნული კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
დიმიტრი მოსულიშვილმა დეპუტატებს ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების პროექტის რუკა წარუდგინა და წესში შესატან ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა. დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროექტის მომზადება საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და ასევე პრაქტიკაში ამ მიმართულებით წარმოქმნილმა ხარვეზებმა განაპირობეს.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები თბილისის ცენტრალური და ისტორიული უბნების მჭიდრო დასახლებებში ქაოტური განაშენიანების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
,,რაც შეეხება გარეუბნებს, მათი განვითარების მიზნით, დროებითი შეზღუდვა დედაქალაქის სხვა უბნებს არ შეეხება’’, - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა. კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე განხილული ყველა საკითხის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.