დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ვაშლიჯვრის, კერძოდ, სარაჯიშვილის ქუჩის N1-ის მცხოვრებთა განცხადების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიების სახელზე შესული განცხადების თანახმად, მარშალ გელოვანის გამზირზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 24 სართულიანი ცათამბჯენი შენდება.
განმცხადებელთა თქმით, მიმდინარე თვეში მათ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართეს, ვინაიდან აღნიშნული კორპუსის მშენებლობით მოქალაქეთა უფლებების დარღვევას აქვს ადგილი.
კომისიების თავმჯდომარეების-შორენა ბუხრაშვილისა და გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ორივე კომისია საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, თბილისის მერიას ერთობლივი შუამდგომლობით მიმართავს.
მათივე თქმით, დედაქალაქის საკრებულოში მერიის წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, პარალელურად, საჯარო მოსმენა გაიმართება. გაერთიანებული კომისიების სხდომას დეპუტატების გარდა, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.