თბილისის საკრებულოში მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პროექტის „მე დავხატავ ჩვენს სიყვარულს“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით და ააიპ „სოლიდარობის სახლის“ ინიციატივით და მოწყობილ გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოზარდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი, დევნილი, ძალადობის მსხვერპლი და წმიდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარი (ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები) ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა.
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოზარდებმა შექმნეს ნახატები, რომლებითაც ადამიანისა და ცხოველთა სამყაროს ერთმანეთის მიმართ ემოციები და დამოკიდებულება გადმოსცეს.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ რომ ჩვენი ქვეყანაც უერთდება ამ ნამდვილად სასიკეთო და ჰუმანურ თარიღს - მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეს. დღევანდელ ღონისძიება განსაკუთრებით შესანიშნავია, იმიტომ რომ მასში ჩვენი მომავალი თაობა მონაწილეობს, ვინც ამ ასაკიდანვე სიკეთეს, სიყვარულს თანაგრძნობასა და სიბრალულს სწავლობს. გვჯერა, რომ პატარები რომლებიც სიყვარულით ხატავენ ცხოველებს ღირსეული ადამიანები გაიზრდებიან, რომელთათვის სიკეთე და გულგრილობა სრულიად მიუღებელი იქნება. ასეთი ადამიანი, ნამდვილად გახდება თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე. მინდა ეს დღეს ყველა ჩვენი კონკურსის მონაწილეს მივულოცო და ჟიურის წევრებს ჩვენი ბავშვების შემოქმედების შეფასებისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მონაწილეთა ნამუშევრები სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქართველი სოპრანო, მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი თამარ ივერი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი, მხატვარი ირინა ჩიტაშვილი და ხელოვნებათმცოდნე, არტთერაპევტი მზია მაკალათია.
დასასრულს, პროექტის მონაწილე ბავშვებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და „ააიპ ,,სოლიდარობის სახლის“ სახელით დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი დემეტრე სხირტლაძე უძღვებოდა. 4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება.