თბილისის საკრებულოში კონკურსის – „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი მიზნად სუფთა ქალაქის, რეგიონის, მუნიციპალიტეტის, სოფლის და ლამაზი ეზოს გამოვლენას ისახავდა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, შემოსული მასალების საფუძველზე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კონკურსის „სუფთა რეგიონი“ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
მარიკა დარჩიამ კონკურსის მნიშვნელობასა და საკრებულოს მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა ზღვის უბანში ვრცელი მოსასვენებელი სივრცის მოწყობა და მყარი ნარჩენების გადამუშავების პროგრამა.
,,ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვინც დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობს, თავისთავად გამარჯვებულია. გარემოს დაცვის მიმართულებით მათი სამოქალაქო აქტივობა დასაფასებელია და მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ცალკეულმა სტრუქტურებმა, არამედ ჩვენ, თითოეულმა მცხოვრებმა, გარემოს დასუფთავებასა და გალამაზებაში ჩვენი მაღალი ჩართულობა დავაფიქსიროთ.“ - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
მარიკა დარჩიამ კონკურსანტებს წარმატებები უსურვა და ნომინაცია „სუფთა ქუჩა“ გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზი და დიპლომი გადასცა. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი დოხტურიშვილმა კი რამდენიმე მოხალისე დააჯილდოვა, რომელთაც კომისიამ საპატიო სიგელი გარემოს დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიანიჭა.
დღესვე, კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში აქტიური ჩართულობისთვის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სამდივნოს თანამშრომლებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიებას შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომი, ასევე სამთავრობო და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესვე საკრებულოს დარბაზში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც გამარჯვებული კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები იყო გამოფენილი.