თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა. მიწისქვეშა ავტოსადგომები გეგეშიძის ბაღის, ასევე მეტრო ვარკეთილის და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ აშენდება და ინვესტორს ტერიტორია სიმბოლურად ფასად ერთ ლარად გადაეცემა მხოლოდ მიწისქვეშა მშენებლობებისთვის. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამი თვის ვადაში ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. კერძო ინვესტორს აღნიშნული ტერიტორია 25 წლის ვადით გადაეცემა, რის შემდეგაც კომპანია ვალდებულია პარკინგის ადგილები ქალაქის მუნიციპალიტეტს დაუბრუნოს. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა განიხილეს ასევე თბილისის რამდენიმე რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების საკითხები.