თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა. განხილვაში თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა, ასევე გარემოს დამცველებმა და არქიტექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.
სხდომის გახსნისას ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გენგეგმის პროექტის ის ნაწილი განიხილებოდა, რომელიც გამწვანებულ ტერიტორიებს და სარეკრეაციო სივრცეებს ეხება.
გენგეგმის პროექტი სხდომის მონაწილეებს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, გენგეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქალაქის კომპაქტურობის დაცვა და ერთიანი მწვანე ლანდშაფტური სივრცეების შექმნაა. მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმის პროექტი შვიდი საქალაქო პარკის მოწყობას, ასევე მდინარე მტკვრის შენაკადების გახსნას და მათ არეალში გამწვანებული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორმა აღნიშნა, რომ გენგეგმის კონცეფცია მდინარე მტკვრის გახსნას და ქალაქისთვის დაბრუნებას, ასევე იმ სივრცეებში, სადაც მტკვარი ჯებირებით არ არის შემოსაზღვრული, გამწვანებული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.
მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისში არსებული ყოფილ საწარმოო ტერიტორიებზე (ე.წ. „ბრაუნფილდები“), დაახლოებით 400 ჰექტარზე მწვანე სივრცეების შექმნა იქნება შესაძლებელი.
გენგეგმის პროექტის გამწვანების კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გარემოს დამცველების და არქიტექტორების, ასევე საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს, მერაბ ბოლქვაძემ და მაია ბითაძემ უპასუხეს. ასევე საკუთარი პოზიცია ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ წარადგინა. რევაზ სოხაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანი სრულყოფილი გენგეგმის მიღებაა, რისთვისაც დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და ამ მიზნით საკრებულოშიც კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართება.