დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი, კომისიის წევრები და საკრებულოს დეპუტატები გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს შეხვდნენ და მისგან თბილისში გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი და ზედაპირული წყლები) დაბინძურების მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
თამარ ბაგრატიამ დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევების შედეგები პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ანგარიშში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მნიშვნელობასა და ჰაერის ხარისხის შესაბამის ინდექსებზე, თბილისში ინდიკატორული ზომების სხვადასხვა ეტაპების შედეგებზე, ასევე ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
თამარ ბაგრატია სამომავლო გეგმებსაც შეეხო და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი განცხადებით, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვების წერტილების ზრდა იგეგმება.
ასევე დაგეგმილია გარემოს დაბინძურების კვლევის ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობა და ჰაერის მონიტორინგის სადგურების თანამედროვე ავტომატური ხელსაწყოებით გადაირაღება.
შეხვედრაზე გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რამდენიმე პროექტის მნიშვნელობასა და პროცესში წარმომადგენლობითი ორგანოს ჩართულობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციის დასასრულს, საკრებულოს წევრებმა სააგენტოს ხელმძღვანელს თბილისში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული რისკების პრევენციის თაობაზე დაუსვეს კითხვები.
შეხვედრას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე იოსებ ქარცივაძე ესწრებოდენენ.