დღეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. საკითხი, კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომისიის საკურატორო მიმართულებებით გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებების დაფინანსების ზრდის თაობაზე. კერძოდ: გამწვანების ღონისძიებების დაფინანსება იზრდება 2 000 000 ლარით, ხოლო დასუფთავების ღონისძიებები 7 827 600 ლარით. დღესვე, კომისიის წევრებმა განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტიც განიხილეს, რომელიც სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს. ამის შემდეგ, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.