თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომლის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
კომისიის წევრებმა, აღნიშნული საკითხის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება მომდევნო წლის ქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებულ შემდეგ პრიორიტეტებს დაუთმეს და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესებაზე, გამწვანების ღონისძიებებზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და შპს „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ 2022 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა საკრებულოს წევრებს სამსახურის მიერ 2022 წელს განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
დღესვე, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა შპს „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ სამომავლო პროექტებზე ინფორმაცია სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლისგან ნიკოლოზ ქობულაძისგან მიიღეს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს სააგენტო გეგმავს როგორც მიმდინარე ღონისძიებების გაგრძელებას, ასევე, ახალი პროექტების განხორციელებას, კერძოდ საუბარია მიუსაფარი ცხოველებისათვის უფასო კასტრაცია-სტერილიზაციისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაზე, დედაქალაქის ქუჩებში გასვლითი მასობრივი ანტირაბიული ვაქცინაციები და რევაქცინაციები, ცხოველების გაჩუქების პროგრამა და აქციები, სამაშველო ღონისძიებების ჩატარება, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები დედაქალაქის სკოლებში და სხვა.
გარდა ამისა, 2022 წლისთვის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: სასაწყობე შენობების, ცხოველთა ახალი ვოლიერების ან ტერარიუმის მშენებლობა, კატებისთვის განკუთვნილი შენობის შემოღობვა, მორიგე ეკიპაჟებისთვის ახალი ბაზის შენობის მშენებლობა, პირუტყვის დამატებითი სადგომის მშენებლობა, მსხვილფეხა საქონლის გადასაყვანი ავტომანქანის შესყიდვა და სხვა.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.