თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის (ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები) მაჟორიტარმა წევრმა გიორგი ბირბიჩაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, ასევე გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების წევრმა ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებს რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, გასული ერთი წლის განმავალობაში, ვაკის რაიონში განახლდა არსებული სკვერები და მოეწყო ახალი სარეკრეაციო-საზოგადოებრივი სივრცეები, გარკვეულ ქუჩებზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია და დაიგო ახალი ასფალტის საფარი, რაიონის გამგეობისა და მერიის სამსახურების მუშაობის შედეგად მოწესრიგდა შიდა ეზოები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თინათინ ნიბლოშვილმა ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონში არსებულ დამისამართების პრობლემების მოგვარების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ლევან ჯაფარიძემ კი მოქალაქეებს ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვის მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და სამომავლო პროექტები გააცნო და ამასთანავე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრებმა მოქალაქეების მხრიდან წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის განსახილველად და კანონის შესაბამისად სათანადო რეაგირების მოსახდენად მზადყოფნა გამოთქვეს.