დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატაბმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს ბიძინა გიორგობიანს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვითი სტრატეგია გააცნო.
საქალაქო სამსახურის უფროსმა პრეზენტაციის შესავალ ნაწილში სტრატეგიის მიზანზე და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: ჰაერი, წყალი, ბიომრავალფეროვნება, ურბანული დაგეგმარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ბიძინა გიორგობიანმა თბილისის ადგილობრივ გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის საკრებულოში წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები.
„მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი კვლავ დამუშავების პროცესშია და ჩვენ პარალელურად მის სამოქმედო გეგმასაც ვამუშავებთ. აღნიშნული დოკუმენტის ძირფესვიანად შესწავლას და დამუშავებას კი, დაახლოებით რვა თვე დასჭირდება, ვინაიდან მისი განხილვა ვიწრო ჭრილში ვერ მოხერხდება. თუმცა, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა სამოქმედო გეგმის მონახაზი რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოვამზადოთ“ - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მისაღებად პროცესში სხვადასხვა კომპეტენტური ორგანიზაციების ჩართულობაა აუცილებელი. მისი განცხადებით, დღეს სხდომაზე განხილულ დოკუმენტზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, მერიის ეკოლოგიისა და განწვანების საქალაქო სამსახური, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ. მისივე თქმით, გარემოსდაცვითი სტრატეგიის ხელახალი განხილვა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიგეგმა.
დღესვე, დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს. შორენა ბუხრაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზსა და მიზანს გეგმის გრაფიკულ ნაწილში ხარვეზების აღმოფხვრა წარმოადგენს.