თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ, ექსპერტებთან ერთად ვერეს ხეობაში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა.
შეხვედრას თბილისის მერიის გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, არქიტექტორები გიგა ბათიაშვილი და ზურაბ ბაქრაძე, კონსტრუქტორ-ინჟინერი გიორგი შერგელაშვილი და ფიზიკოსი ზურაბ კერესელიძე ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ვერეს ხეობაში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაა.
„დღეს, ექსპერტებთან ერთად, ვერეს ხეობაში ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. ჩვენ მოვისმინეთ დარგის სპეციალისტების მოსაზრება, თუ რამდენად შეესაბამება ჩატარებული სამუშაოები არსებულ გამოწვევებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტების მოსაზრება, რომ სამომავლო ღონისძიებები სწორად დაიგეგმოს. უახლოეს პერიოდში გაფართოებულ შეხვედრას ვგეგმავთ, რომელსაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან”- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.