თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით იზრდება. დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტი კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ამ თანხიდან 30 მილიონი ლარი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები. გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს გაზრდილი ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გაერთიანებულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა. საქმე ეხება შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ რამდენიმე ობიექტის დაფინანსებას.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები წარადგინეს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სხდომაზე რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები განიხილეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.