თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
დეპუტატებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დეპუტატებს კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებულ წევრებს მათი უფლებამონაცვლეობისთვის და შპს ,,არომასთვის’’ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი გააცნო და შესაბამის ხელშეკრულებაში პირობების შეთანხმების თაობაზე იმსჯელა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, გამარჯვებული კომპანია 13 დაზარალებულ პირს საცხოვრებელ ფართს გადასცემს.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს და რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე მისამართზე დაინტერესებული პირის -,,აქსისი პალასი’’-ს მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებები დამტკიცდა.
ორი კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.