დღეს თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის , ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ. ორი კომისიის წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების საკითხები განიხილეს, რომლებიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ასევე მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს და რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. გარდა ამისა, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც დაამტკიცეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.