თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. აღნიშნული ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 24 307,6 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 843 134, 5 ათას ლარს შეადგენს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, რამდენიმე პროგრამის დაფინანსებაც გაიზრდება. კერძოდ, მოხდება საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის დაფინანსების გაზრდა და დამატებითი თანხები დასუფთავების ღონისძიებების გატარებისთვის გამოიყოფა.
გარდა ბიუჯეტის ცვლილებებისა, ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს.